Monday, January 16, 2012

როკ მუსიკა ჩემს ცხოვრებაში

ეს არ იყო მხოლოდ მუსიკა, რომელსაც ჩართავ, მოუსმენ, მერე გამორთავ და ძველებურად გააგრძელებ ცხოვრებას. არა, ეს თავად ცხოვბრება იყო, ეს იყო ყველაფერი და არსი ჩვენი მაშინდელი არსებობისა.
ვერ წარმომიდგენია როგორი ვიქნებოდი მე, რომ არ გამევლო ეს პერიოდი, ეს ბობოქარი პერიოდი ჩემი ცხოვრებისა.
ამდენი ემოცია...ამდენი ემოცია...

U.R
ვიწრო, დერეფნის მსგავსი სარდაფი. მწვანე კედლებით, მუდამ სიგარეტის კვამლში. ზემოთ ბოთლებს იბარებდნენ. ლესელიძის 4. როგორც კი ლესელიძის კუთხეს მივუახლოვდებოდით გული უკვე სხვანაირად გვიძგერდა. გარეთ ბნელი (პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით) 90-იანი წლები. კერძოდ 1998-2001. შავ ტყავის ქურთუკებში გამოწყობილი, დეგრადირებული , საოცრად ერთმანეთის მსგავსი ხალხი (სამწუხაროდ ამის ნაკლებობა არც ამჟამადაა). და ამ დროს ამ პატარას ალაგას შეყრილი ამდენი განსხვავებული ადამიანი, თავისულფად და განსხვავებულად მოაზროვნე. ჩვენ სხვანაირად აღარ შეგვეძლო და გვჭირდებოდა ეს ყველაფერი. რაღაცნაირად ვიზოლირდით გარემო სამყაროსგან. ერთმანეთს შორიდან ვცნობდით. გრძელი თმები, შარვალი გვერდზე ჯიბეებით და რომელიმე ცნობილი როკ შემსრულებლის მაისური. ეს ყველაფერი მაშინ იშვიათობას წარმოადგენდა. ჩვენ მუსიკა გვაერთიანებდა. ყოველმა იქ მიღებულმა ემოციამ, ყოველმა დღემ ღრმა კვალი დატოვა ჩემში.
53-ე სკოლაში ვსწავლობდი, სადაც დირექტორი განთქმული იყო თავის სიმკაცრით. მე მახსოვს, რომ გამოსაცვლელი ტანსაცმელი მიმქონდა. სკოლის მერე ვიცვამდი და უკვე ისე გავდიოდი თუ სადმე კონცერტზე მივდიოდი :)
15 წლის ვიყავი და პირველად ნირვანამ შემოაბიჯა ჩემს ცხოვრებაში.
მერე იყო Led Zeppelin-ის "stairway to heaven", რომელსაც რადიოში ვეზიარე (კაი მულტიფუნქციური რადიო კი იყო, ფარნის და კიდევ რიგ სხვა ფუნქციებს ითავსებდა) :)...მახსოვს როგორც მოვჯავდოვდი ამ სიმღერის მოსმენისას, დავავლე ხელი ამ რადიოს (ფარანს) და გავიქეცი რომ მამაჩემისთვის მომესმენინებინა. ზუსტად მახსოვს, საღამო იყო და ჩემს ოთახში ვიჯექი. მახსოვს ის გზაც ,რაც გავიარე საძინებელ ოთახამდე...დავდგი რადიო ძირს და ვუსმენდით...
მერე იყო უამრავი კასეტა..Nirvana, Led Zeppelin, Deep Purple, Pink FLoyd.
ჩემი მეგობრები ყველა დავავადდით ამით. მე, ლერმონტოვა, გოგიჩა, მღებრო.
მერე განვითარების სხვა ეტაპზე გადავედით და გადავწყვიტეთ თავად შეგვექმნა ჯგუფი, ამისთვის კი დაკვრის სწავლა იყო საჭირო. ვნახეთ ვინმე ილო. ილო ხან სვამდა, ხან გვასწავლიდა, საბოლოოდ ვისწავლეთ რაღაც.
მერე გვქონდა რეპეტიციები. ჯგუფს Personal Green ერქვა. დღემდე უცნობი მიზეზების გამო მე მომწონდა სიტყვა პერსონალ, ხოლო ლერმონტოვას სიტყვა გრიინ. შესაბამისად ეს სახელი დავარქვით ჯგუფს.
მერე იყო ”ქოხის” ფართი. თემურას ბინა ვაკის სასაფლაოსთან. აქ უკვე Slipknot-ს და Korn-ს ვუსმენდი.
რომ ვიყურები უკან, ვხვდები რაოდენ უფერული იყო სხვა ჩემი თანატოლების ცხოვრება იმ პერიოდში, ძალიან მიხარია , რომ ეს ყველაფერი გამოვიარე. ჩვენ რაღაც იდეა გვაერთიანედა. შეიძლება ჩემი ერთ დღეში მიღებული ემოცია, მათი რამოდენიმე წლის განმავლობაში მიღებულ ემოციებს აჭარბებდა.
სუნთქვა მეკვროდა, იუ-არის კონცერტების წინ.
ეხლაც ზოგჯერ მეკვრის, თუ იმდროინდელ მუსიკას ვუსმენ ..

0 comments:

Post a Comment

 
:). Design by Exotic Mommie. Illustraion By DaPino