Monday, January 16, 2012

როკ მუსიკა ჩემს ცხოვრებაში

ეს არ იყო მხოლოდ მუსიკა, რომელსაც ჩართავ, მოუსმენ, მერე გამორთავ და ძველებურად გააგრძელებ ცხოვრებას. არა, ეს თავად ცხოვბრება იყო, ეს იყო ყველაფერი და არსი ჩვენი მაშინდელი არსებობისა.
ვერ წარმომიდგენია როგორი ვიქნებოდი მე, რომ არ გამევლო ეს პერიოდი, ეს ბობოქარი პერიოდი ჩემი ცხოვრებისა.
ამდენი ემოცია...ამდენი ემოცია...

U.R
ვიწრო, დერეფნის მსგავსი სარდაფი. მწვანე კედლებით, მუდამ სიგარეტის კვამლში. ზემოთ ბოთლებს იბარებდნენ. ლესელიძის 4. როგორც კი ლესელიძის კუთხეს მივუახლოვდებოდით გული უკვე სხვანაირად გვიძგერდა. გარეთ ბნელი (პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით) 90-იანი წლები. კერძოდ 1998-2001. შავ ტყავის ქურთუკებში გამოწყობილი, დეგრადირებული , საოცრად ერთმანეთის მსგავსი ხალხი (სამწუხაროდ ამის ნაკლებობა არც ამჟამადაა). და ამ დროს ამ პატარას ალაგას შეყრილი ამდენი განსხვავებული ადამიანი, თავისულფად და განსხვავებულად მოაზროვნე. ჩვენ სხვანაირად აღარ შეგვეძლო და გვჭირდებოდა ეს ყველაფერი. რაღაცნაირად ვიზოლირდით გარემო სამყაროსგან. ერთმანეთს შორიდან ვცნობდით. გრძელი თმები, შარვალი გვერდზე ჯიბეებით და რომელიმე ცნობილი როკ შემსრულებლის მაისური. ეს ყველაფერი მაშინ იშვიათობას წარმოადგენდა. ჩვენ მუსიკა გვაერთიანებდა. ყოველმა იქ მიღებულმა ემოციამ, ყოველმა დღემ ღრმა კვალი დატოვა ჩემში.
53-ე სკოლაში ვსწავლობდი, სადაც დირექტორი განთქმული იყო თავის სიმკაცრით. მე მახსოვს, რომ გამოსაცვლელი ტანსაცმელი მიმქონდა. სკოლის მერე ვიცვამდი და უკვე ისე გავდიოდი თუ სადმე კონცერტზე მივდიოდი :)
15 წლის ვიყავი და პირველად ნირვანამ შემოაბიჯა ჩემს ცხოვრებაში.
მერე იყო Led Zeppelin-ის "stairway to heaven", რომელსაც რადიოში ვეზიარე (კაი მულტიფუნქციური რადიო კი იყო, ფარნის და კიდევ რიგ სხვა ფუნქციებს ითავსებდა) :)...მახსოვს როგორც მოვჯავდოვდი ამ სიმღერის მოსმენისას, დავავლე ხელი ამ რადიოს (ფარანს) და გავიქეცი რომ მამაჩემისთვის მომესმენინებინა. ზუსტად მახსოვს, საღამო იყო და ჩემს ოთახში ვიჯექი. მახსოვს ის გზაც ,რაც გავიარე საძინებელ ოთახამდე...დავდგი რადიო ძირს და ვუსმენდით...
მერე იყო უამრავი კასეტა..Nirvana, Led Zeppelin, Deep Purple, Pink FLoyd.
ჩემი მეგობრები ყველა დავავადდით ამით. მე, ლერმონტოვა, გოგიჩა, მღებრო.
მერე განვითარების სხვა ეტაპზე გადავედით და გადავწყვიტეთ თავად შეგვექმნა ჯგუფი, ამისთვის კი დაკვრის სწავლა იყო საჭირო. ვნახეთ ვინმე ილო. ილო ხან სვამდა, ხან გვასწავლიდა, საბოლოოდ ვისწავლეთ რაღაც.
მერე გვქონდა რეპეტიციები. ჯგუფს Personal Green ერქვა. დღემდე უცნობი მიზეზების გამო მე მომწონდა სიტყვა პერსონალ, ხოლო ლერმონტოვას სიტყვა გრიინ. შესაბამისად ეს სახელი დავარქვით ჯგუფს.
მერე იყო ”ქოხის” ფართი. თემურას ბინა ვაკის სასაფლაოსთან. აქ უკვე Slipknot-ს და Korn-ს ვუსმენდი.
რომ ვიყურები უკან, ვხვდები რაოდენ უფერული იყო სხვა ჩემი თანატოლების ცხოვრება იმ პერიოდში, ძალიან მიხარია , რომ ეს ყველაფერი გამოვიარე. ჩვენ რაღაც იდეა გვაერთიანედა. შეიძლება ჩემი ერთ დღეში მიღებული ემოცია, მათი რამოდენიმე წლის განმავლობაში მიღებულ ემოციებს აჭარბებდა.
სუნთქვა მეკვროდა, იუ-არის კონცერტების წინ.
ეხლაც ზოგჯერ მეკვრის, თუ იმდროინდელ მუსიკას ვუსმენ ..

Wednesday, October 26, 2011

მელანქოლია - ლარს ფონ ტრიერი

იმდენი ხანია ბლოგზე არაფერი დამიწერია რომ რა სადაა აღარც კი მახსოვს. ან სურათები საიდან უნდა ჩავსვა....მოკლედ არაუშავს, :) მთავარია ამოვთქვა ის, რაც ამ ფილმის ნახვის მერე დამიგროვდა. ფილმი, ფილმად...დიდი მოლოდინი მის მიმართ არ მქონდა, ვერც ამ წუთას ვიტყივი, რომ ის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმია, თუმცა ის ნამდვილად უნდა ვთქვა, რომ რეჟისორმა ძალიან კარგად გადმოსცა დეპრესიის არსი ამ ფილმით. მოკლედ ცალ ხელში პოპკორნით და მეორეში კოკა-კოლა ლაითით მოვკალათდი სავარძელში და ჩემს ერთადერთ საზრუნავს წარმოადგენდა ის რომ არ ვიცოდი სად წამეღო ეს პოპკორნი, რადგან მე-5-ე დარბაზში სავარძლებს პოპრკონისა და კოკა-კოლის ჩასადება არ აქვთ. მოკლედ როგორც იქნა მოვთავსდი და დაიწყო ფილმიც. ფილმის აღწერას არ დავიწყებ, რადგან აზრი არ აქვს, უნდა ნანახი გქონდეს, აღწერით ვერაფერს გაიგებ. პირველი ნაწილი საკმაოდ მომაბეზრებელი იყო, ნახევარი დარბაზი ადგა და წავიდა, მეორე ნახევარს ეძინა...მეც საკმაოდ მომწყინდა, თუმცა მეორე ნაწილი...საოცრად ლამაზი იყო. კიდევ ის მინდა ვთქვა პირველ ნაწილზე რომ....პირდაპირ ეკრანიდან ჟონავდა სევდა...აი ასე, წვეთ-წვეთად...ყოველგვარი ბნელი კადრებისა და ეფექტების გარეშე...კადრები იყო ქორწილის. მაგრამ რა კარგად იყო გადმოცემული დეპრესია, როდესაც ყველაფერი შენ თავში იხარშება და გარემო უცვლელია, თუმცა შეცვლილია ისევ და ისევ შენივე თავში. მე შემზარა დეპრესიის ასე კარგად წარმოჩენამ, მისმა ასე გაშიშვლებამ, თავისი მთელი შემაძრწუნებელი არსით იყო წარმოჩენილი და ვიმეორებ ეს ყველაფერი რამე ეფექტებისა თუ ბნელი, დეპრესიული კადრების გარეშე...მე ასეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ეკრანიდან იშვერსო ხელებს, გამხდარ გაწამებულ ხელებს. მოკლედ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რეჟისრს ზუსტად აქვს გამოვლილი ეს სენი და იცის რაზეც ლაპარაკობს. მეორე ნაწილი რომანტიული და ლამაზი იყო...რომანიტული სცენების გამო...კერძოდ მთვარე და პლანეტა მელანქოლია ერთად. მელანქოლიის შუქზე კლდეზე მწოლიარე მსახიობი. ძალიან ლამაზი კადრები ზღვიდან ამომავალი პლანეტა მელანქოლიის. მივიღე ესთეტიური სიამოვნება...საოცარი...როგორი არა იაფფასიანი იყო ეს კადრები...ვაგნერის მუსიკა.
ბოლოში უკვე მთლიანად ჩამითრია ამ ფილმმა და იმ აპათიიდან გამოვედი, რაც მისი ყურების დასაწყისში მქონდა. ან რა მაგარად იყო სამყაროს დასასრული ამ ფილმში....სიჩუმე...საშინელი სიჩუმე, მერე გრუხუნი, მერე ვაგნერი....აუ არვიცი! ძალიან იმოქმედა...!
აპოკალიფზე ხომ უამრავი ფილმია, მთელი თავიანთი ძვირადღირებული ეფექტებითაც კი მეათასედადაც ვერ წარმოაჩენენ იმ ძრწოლვას რაც ამ ფილმში ჩანდა სამყაროს აღსასრულის წინაშე. ასეთი ლამაზი ამ საკითხზე არაფერი მინახავს....ასეთი რეალური, ასეთი ემოციური....
სამყაროს და ადამიანის აღსასრული ერთად. პლანეტა მელანქოლია რომელიც დედამიწას ანადგურებს. და ჩვეულებრივი მელანქოლია, რომელიც ადამიანს ანადგურებს.

კიდევ ის მინდა ვთქვა, რომ ეს პირველად არაა, როდესაც დავინახე რა კარგად აქვს გათავისებული ავტორს დეპრესია, და რა კარგად გადმოცემული. ადრე ეს შეგრძნება ედვარდ მუნკის ნახატის ”კივილის” მერე დამეუფლა...და ასევე ტერენტი გრანელის ზოგიერთი ლექსის კითხვისას. ახლა კი უკვე მხატვრობას და პოეზიას კინემატოგრაფიაც შეემატა ამ ფილმით.

მართლა, ვერ ვიტყვი რომ ეს ჩემი საყვარელი ფილმი გახდება. არა იმიტომ რომ ზედმეტად დამთრგუნველია....უბრალოდ ვაფასებ ხელოვნებაში რეალურ ემოციას, რაზეც ალბათ აიგო ეს ფილმი. გამორიცხულია რეჟისორს ეს ყველაფერი არ განეცადა და ისე გადაეღო ეს ფილმი.

Tuesday, February 23, 2010





ძალიან მიყვარს ხის სახლები. ასე მგონია, ხის სახლში დაწყებული დილა უკვე სხვანაირია....სხვაგვარ განწყობაზე იღვიძებ და სხვა ემოციას გიქმნის...
დიდი ველი - მწვანე. ლურჯი ცა - თავზე. მწვანე ტყე - ჰორიზონტზე. ტყეში ხის ქოხი, ხის ქოხში ხის სკამი, ხის მაგიდა, ხის კოვზები, ხის საწოლი.... კედლებზე წინა დღეს დაკრეფილი სოკოებია თოკზე. გარეთ ნიავი, რომლის ხმაც ხის სახლში თავისუფლად აღწევს გაღებული ფანჯრიდან. სიმწვანე, სიწყნარე. უკვე საღამოვდება. ხის სახლში მრგვალი მაგიდაა, რომელზეც კუბოკრული ნაჭრის სუფრაა, ზედ სამოვარი და ნამცხვრებია.
ღამე....გარეთ მგლები ყმუიან. ჩემს საწოლთან ბაქსი წევს. მგლების ხმაზე ყურებს დაცქვიტავს. მეც წყნარად ვარ, ბაქსი ხომ ჩემთანაა და მგლები ვერაფერს დააკლებენ. ხოდა იყმუვლონ...ჩვენ მშვიდად დაგვეძინება....
დილა...ფანჯრიდან ნიავი შემოიტანს გირჩების, ნაძვების, ყვავილების და საერთოდ ტყის სურნელს.
ეს ამ წუთას რა ასოციაციებიც წარმომექმნა ხის სახლთან დაკავშირებით :)





















 
:). Design by Exotic Mommie. Illustraion By DaPino